ახალი ამბები

მეტეოსამსახური

ზამთრის სეზონს საქაერონავიგაცია ახალი სანავიგაციო სისტემებით ხვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” პასუხისმგებელია ისეთი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ გამართულ მუშაობაზე, რომლებიც საჰაერო ხომალდებს ზუსტი და უსაფრთხო ფრენის განხორციელებაში ეხმარებიან. საქაერონავიგაციამ ბოლო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა. წარმატებით დასრულდა სახელსაწყო დაფრენის სისტემების (ILS 13R) ჩანაცვლების პირველი ეტაპი და 420 მეტრით გაფართოვდა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემა 13R კურსით.

ICAO - ს მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად, აღნიშნული სისტემის საფრენოსნო შემოწმება განახორციელა ჩეხური კომპანიის - ANS CR თვითმფრინავმა-ლაბორატორიამ. საფრენოსნო შემოწმება გულისხმობს სანავიგაციო საშუალების შემოწმებას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც ამოწმებს მის მუშაობას და შესაბამისობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO Annex 10 - ით დადგენილ სტანდარტებთან.

ახალი ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა აღიარა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. აქედან გამომდინარე, განახლებული ILS 13R და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გაფართოებული შუქ-ტექნიკა ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში.

“ზამთრის სანავიგაციო სეზონს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვხვდებით. ორივე პროექტი უსაფრთხო ფრენების განსახორციელებლად  მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS) თვითმფრინავის “გზამკვლევია” და უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ზუსტი დაფრენის შესაძლებლობას. ხოლო თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით დღემდე მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღჭურვილი არ ყოფილა. ორივე პროექტი საქაერონავიგაციას აძლევს საშუალებას, უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომადების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეო პირობების, მათ შორის დაბალი ხილვადობის დროს,” - განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის 900 მეტრამდე გაფართოების პროექტზე, რომლის დასრულება გახდება საფუძველი იმისა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 13R კურსით ICAO-ს პირველი კატეგორია მიენიჭოს.