თბილისში ICAO-ს მარშრუტების განვითარების ჯგუფის RDGE/33 სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
საქაერონავიგაციამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპის აღმოსავლეთ რეგიონის მარშრუტების განვითარების ჯგუფის 33-ე სამუშაო შეხვედრას(RDGE/33) უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ნავიგაციის სფეროს ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
RDGE წარმოადგენს ICAO-ს სამუშაო ჯგუფს, რომლის მანდატია საჰაერო მარშრუტების განვითარება, საჰაერო სივრცის ოპტიმიზაცია და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონთაშორისი კოორდინაციის გაძლიერება.
მონაწილეებმა განიხილეს ახალი საჰაერო მარშრუტების დამატება და არსებულის მოდიფიკაცია, ასევე თავისუფალი საჰაერო სივრცის (Free Route Airspace-FRA) კონცეფციის განვითარების პერსპექტივები. ეს ინიციატივები მიმართულია ფრენის ხანგრძლივობის და საწვავის მოხმარების შემცირებისკენ, რაც პირდაპირ კავშირშია ავიაციის გარემოზე ზემოქმედების შემცირებასთან. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის გაუმჯობესებასა და GNSS/GPS სიგნალებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
„საქართველომ უკვე მესამედ უმასპინძლა ICAO-ს ამ მასშტაბის სამუშაო შეხვედრას, რაც ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე მიუთითებს რეგიონული საჰაერო ნავიგაციის საკითხებში. GNSS სიგნალებში ჩარევა დღეს რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული თანამშრომლობით უნდა გადაიჭრას,“ - განაცხადა საქაერონავიგაციის საჰაერო სივრცის განვითარების განყოფილების უფროსმა ევგენი თავაძემ, რომელსაც ICAO-ს მარშრუტების განვითარების ჯგუფის (RDGE) წევრმა ქვეყნებმა თავმჯდომარის პოზიციაზე ნდობა მეორე ვადით ერთხმად გამოუცხადეს.