ახალი ამბები

მეტეოსამსახური

TAV Georgia-მ და საქაერონავიგაციამ ერთობლივი პროექტი განახორციელეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში TAV Georgia-სა და საქაერონავიგაციის თანამშრომლობით ახალი სამიმოსვლო ბილიკი გაიხსნა. შედეგად, თბილისის აეროპორტს აქვს დამატებითი სამიმოსვლო ბილიკი (Golf) და მოსაბრუნებელი მოედანი, რაც მკვეთრად ზრდის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობას და უმნიშვნელოვანესი პროექტია მსხვილი ავიაგადამზიდებისთვის, რომლებიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდებით ოპერირებენ.

აეროპორტის და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია შუქ-სასიგნალო სისტემის არსებობა, რასაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ უზრუნველყოფს.

ახალი სამიმოსვლო ბილიკის ვიზუალური სანავიგაციო საშუალებით აღჭურვაში საქაერონავიგაციამ 3 მილიონ 755 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სამიმოსვლო ბილიკის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი ფრანგულმა კომპანიამ „ADPI” შეასრულა. ახალი, თანამედროვე სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები იტალიური კომპანია „OCEM”-მა უზრუნველყო. ახალ სამიმოსვლო ბილიკ „G“- გოლფზე დამონტაჟდა თანამედროვე LED ტიპის ახალი ტექნოლოგიის იტალიური წარმოების სანათები. ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკის (GOLF) შუქტექნიკური სისტემა სრულ შესაბამისობაშია ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტებთან და აკმაყოფილებს ადგილობრივ და საერთაშორისო მოთხოვნებს.

აღნიშნული პროექტით გაიზრდება არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიონობა და უსაფრთხოება.