ახალი ამბები

მეტეოსამსახური

სახელსაწყო დაფრენის სისტემის მონტაჟი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელსაწყო დაფრენის სისტემის (ILS 31L) მონტაჟის პროცესი მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც მიმდინარე თვის ბოლომდე იგეგმება. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა 2019 წლის ბოლოს და წარმატებით ფუნქციონირებს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის 13R კურსით.

ICAO - ს მიერ დადგენილი პროცედურების თანახმად, აღნიშნული სისტემის საფრენოსნო შემოწმება ტენდერში გამარჯვებული ინგლისური კომპანიის თვითმფრინავმა-ლაბორატორიამ აგვისტოს პირველ რიცხვებში უნდა მოახდინოს, რის შემდეგაც სისტემა შევა ექსპლუატაციაში. საფრენოსნო შემოწმება გულისხმობს სანავიგაციო საშუალების შემოწმებას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც ამოწმებს მის მუშაობას და შესაბამისობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO Annex 10 - ით დადგენილ სტანდარტებთან.

„აღნიშნული პროექტი უსაფრთხო ფრენების განსახორციელებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. სახელსაწყო დაფრენის სისტემა (ILS) თვითმფრინავის “გზამკვლევია” და უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ზუსტი დაფრენის შესაძლებლობას. განახლებული სისტემა საქაერონავიგაციას აძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომადების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეო პირობების, მათ შორის დაბალი ხილვადობის დროს,” - განაცხადა საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.