ახალი ამბები

მეტეოსამსახური

დაზღვეული ქართული ცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციასა“ და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თუ საქართველოს საჰაერო სივრცეში, „საქაერონავიგაციის“ ბრალეულობით, მოხდება რაიმე საავიაციო ინციდენტი, დაზარალებულის უფლებები ყოველმხრივ დაცული, ხოლო ზარალი ანაზღაურებული იქნება.

ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. მან დადებითად შეაფასა შეთანხმების გაფორმების ფაქტი და განაცხადა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევა ჩვენს ქვეყნას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოეთის არაერთი ქვეყნის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერებისთვის და შესაბამისად, ავიაკომპანიებისთვის. ეს ახალი სტიმული და მოტივაცია იქნება მათი ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის მიმართულებით. 

საქაერონავიგაციამ საჰაერო სივრცის დაზღვევის ვალდებულება 2014 წელს, ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ აიღო, ამ რეკომენდაციას მას საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიც აძლევდნენ. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო. პროცესი რთული იყო, გამოცდილება ამ კუთხით არ ჰქონდა არც „საქაერონავიგაციას“ და არც სადაზღვევო კომპანიებს. საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნები და პირობები კი მკაცრად იყო გაწერილი. საქაერონავიგაცია დაეყრდენო ევროპულ გამოცდილებას, მენეჯმენტმა აგრეთვე გაიარა კონსულტაცები სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო სერვისის პროვადერებთან.

2016 წელს გამოცხადებულ ღია ტენდერში გაიმარჯვა სადაზღვევო კომპანიამ „უნისონი,“ რომელმაც აიღო ვალდებულება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა 500 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში 100%-ით გადააზღვია. გადამზღვევი კომპანიები, “საქაერონავიგაციის” მოთხოვნის შესაბამისად, დარეგისტრირებული არიან OECD (ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრ ქვეყანაში და მათი საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაა არანაკლებ Standard & Poor’s: A-.

პროექტი ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტია, რომელიც საქართველოს მთავრობას ათავისუფლებს შესაძლო საავიაციო ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური პასუხისმგებლობისგან 500 მილიონი დოლარის ფარგლებში.