ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ოფიციალურად გაიხსნა
დღეს ამბროლაურის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრი იყო, რომელიც ახლად გახსნილმა ასაფრენმა ბილიკმა პირველად მიიღო. 1 100 მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია, შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები.
„დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. ერთი თვის წინ, როდესაც კომპანია "ბლაუენშტაინში" ფერმერები მოვინახულე, ამ ადგილზე ტრიალი მინდორი იყო. დღეს აქ არის აეროდრომი, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის ამ რეგიონისთვის - უპირველეს ყოვლისა აქ მცხოვრებლებისთვის, რადგან აქ იქნება რეგულარული რეისები და რაჭაში, წლის ნებისმიერ დროს, შესაძლებელი იქნება ერთ საათზე ნაკლებ დროში ამოსვლა, ასევე - დედაქალაქში ნებისმიერ დროს ჩასვლა", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი რამ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და უმნიშვნელოვანესია ტურიზმის განვითარებისთვის.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული პროექტის განხირციელებაში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორს ქეთევან ალექსიძეს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელს გურამ ჯალაღონიას და შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურ დირექტორს გოჩა მეზვრიშვილს. პრემიერმა, ასევე, მადლობა გადაუხადა კომპანია "ბლექ სი გრუპს", რომელმაც მოკლე დროში ხარისხიანი სამუშაო შეასრულა.
2016 წლის ბოლომდე საქაერონავიგაცია ამბროლაურში ახალ სამეთვალყურეო კოშკს ააშენებს და თანამედროვე სანავიგაციო სისტემებს დაამონტაჟებს. მანამდე კი საჰაერო მოძრაობის მართვა კომპანიის კუთვნილი მობილური ტაუერიდან განხორციელდება. საქაერონავიგაცია, პირველ ეტაპზე, ამბროლაურის აეროპორტში 10 ადამიანს დაასაქმებს, ყველა პოზიციაზე უკვე გამოცხადებულია ვაკანსია. 4 ავიამეთვალყურე კი ღია კონკურსის წესით შეირჩევა და ისინი ამ მეტად რთულ პროფესიას ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში დაეუფლებიან.