ახალი ამბები

მეტეოსამსახური

საქაერონავიგაციას 17 ახალი ავიამეთვალყურე შეემატება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციას“ 17 ახალი ავიამეთვალყურე შეემატება. კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატები ესპანეთში, ქალაქ ხერესში მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საავიაციო სასწავლებელში Flight Training Europe, S.L. დაეუფლებიან ავიამეთვალყურის პროფესიას. ესპანეთში ცხოვრებისა და სწავლების ხარჯებს შპს „საქაერონავიგაცია“ სრულად აანაზღაურებს.

ავიამეთვალყურეთა შესარჩევი კონკურსი ხუთ ეტაპად ჩატარდა. საქაერონავიგაციის მიერ პირველადად შერჩეულმა კონკურსანტებმა ინგლისურ ენაში ტესტირება ბრიტანეთის საბჭოში გაიარეს. შერჩევის მომდევნო ეტაპზე კონკურსანტებს ჩაუტარდათ ევროკონტროლის მიერ შემუშავებული ავიამეთვალყურეთა შერჩევის ტესტი (FEAST). აღნიშნული ტესტის მიზანია გამოავლინოს აპლიკანტების ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები, რაც აუცილებელია საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის პროფესიის დასაუფლებლად. ტესტის ჩატარების პროცესი და მისი შედეგების გამოვლენა, მთლიანად ხერესის საავიაციო სასწავლებელმა უზრუნველყო.

შერჩევის ბოლო ეტაპზე კონკურსანტემა, შპს „საქაერონავიგაციის“ და ხერესის საავიაციო სასწავლებლის წარმომადგენლებთან გასაუბრება გაიარეს, რის შემდეგ თითოეულ მათგანს საავიაციო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.

შესარჩევი ეტაპები წარმატებით გადალახა 17-მა კონკურსანტმა. ისინი ავიამეთვალყურისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ესპანეთში 4-დან 7 თვემდე ვადაში გაივლიან. ამის შემდეგ, მათ შპს „საქაერონავიგაცია“, დედაქალაქსა და რეგიონებში დაასაქმებს.

სასწავლო კურსის დაწყებამდე, შერჩეულ კანდიდატებს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი შეხვდნენ. მათ გააცნეს სამუშაო სპეციფიკა და დაათვალიერებინეს საქართველოს საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი. დირექტორებმა მიულოცეს კანდიდატებს კონკურსში გამარჯვება და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.