მეტეოსამსახური

მეტეოსამსახური

საერთაშორისო და ადგილობრივი აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის მიზანია ფრენების უსაფრთხო, რეგულარული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა. იგი კანონმდებლობით დადგენილ სხვა ღონისძიებებთან ერთად მიიღწევა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების, საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის, აგრეთვე იმ ორგანოებისათვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდებით, რომლებიც ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან არიან დაკავშირებული.

მეტეოროლოგიური სამსახური მუშაობაში ხელმძღვანელობს:

  • ჩიკაგოს კონვენციით "საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ";
  • ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართი (Annex 3 to the Convention on International Civil Aviation): "საერთაშორისო აერონავიგაციის მეტეოროლოგიური მომსახურება";
  • ICAO Doc. 8896 - "სახელმძღვანელო საავიაციო მეტეოროლოგიაში";
  • WMO Doc. 49 "ტექნიკური რეგლამენტი", ტომი II - "საერთაშორისო აერონავიგაციის მეტეოროლოგიური მომსახურება";
  • აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) სხვა მარეგულირებელი დოკუმენტებით.

მეტეოროლოგიური სამსახური წარმოადგენს შპს "საქაერონავიგაციის" შემადგენელ ნაწილს. სამსახური შედგება თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ოფისებისაგან, რომლებიც შესაბამისად პასუხისმგებლები არიან აღნიშნული ქალაქების აეროდრომებზე (აეროპორტებში) ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად. თბილისის მეტეო ოფისი უზრუნველყოფს მესტიის აეროპორტის მეტეოროლოგიურ მომსახურებას სსიპ "გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან" დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მეტეოროლოგიური სამსახური ფრენების განსახორციელებლად დადგენილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აწარმოებს მუდმივ დაკვირვებას მეტეოროლოგიურ პირობებზე (ამინდის ელემენტებზე) თითოეული მოქმედი აეროდრომის რაიონში, ადგენს ზემოთაღნიშნული აეროდრომებისათვის საავიაციო ამინდის დღე-ღამურ პროგნოზს, პროგნოზებს აფრენისა და დაფრენისათვის, ასევე საავიაციო მომხმარებლებს ამარაგებს სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით და აწვდის ამ ინფორმაციას World Operative Meteorological Data (OPMET) ბანკს.

აეროდრომებზე მეტეოროლოგიური დაკვირვებები წარმოებს ცნობილი მწარმოებელი ფირმების VAISALA (ფინეთი), Thies Clima (გერმანია), ELIASSON (შვედეთი), Biral (ინგლისი), Setra (ინგლისი), L-3 Communication Avionics Systems, Inc. (აშშ), rotronic (გერმანია) უახლესი ავტომატიზირებული მეტეოროლოგიური სენსორებით. პროგრამული უზრუნველყოფა შესრულებულია ჰოლანდიური და ინგლისური კომპანიების TELVENT-ის და System Interface-ის, აგრეთვე ფინური კომპანია VAISALA-ს მიერ.

პროფესიონალიზმი და მომსახურების ხარისხი წარმოადგენს მეტეოროლოგიური სამსახურის მუშაობის უმთავრეს მახასიათებელს. ფრენების უსაფრთხოების გაზრდის და რისკების შემცირების მიზნით მუდმივად ხდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და პერსონალის ცოდნის ამაღლება საავიაციო მეტეოროლოგიაში მუდმივი ტრენინგების გზით.